ხუცესო, მოამზადე მომავალი ხუცესები

ხუთი ელემენტი, რომლებისგანაც შედგება სახუცესო მომზადების მსახურება

ხუცესო, მოამზადე მომავალი ხუცესები

გარეტ კელი

09 ივნისი, 2021

„ჩემი პასუხისმგებლობის ნაწილია მოვამზადო ახალგაზრდა ხუცესები, მოვამზადო იმისათვის - სადაც პირადად ვერ ვიქნები - მომავლისათვის.“


ეს სიტყვები დაახლოებით ათი წლის წინ მოვისმინე როდესაც სახუცესო მსახურებაში სტაჟირებას გავდიოდი მარკ დევერის ხელმძღვანელობით. ამ დრომდე შვიდი წლის მანძილზე ვიყავი ეკლესიის ხუცესი. მიუხედავად ამისა, არასდროს მიფიქრია, რომ სახარების მსახურების ერთგულება ნიშნავს სხვა ხუცესებში ინვესტიციის ჩადებას. ხუცესობა პირადად ჩემთვისაც კი საკმაოდ რთული იყო, სხვა ხუცესების დახმარებაზე რომ არაფერი ვთქვა.


თუმცა რაც უფრო მეტად ვსწავლობდი ღმერთის სიტყვას და პატივცემულ ხუცესებს ვაკვირდებოდი, დავრწმუნდი რომ მათ შეუძლიათ და აკისრიათ პასუხისმგებლობა მოამზადონ სხვა ხუცესები. ამ საქმეს ყველა ხუცესი ერთნაირად არ გააკეთებს, მაგრამ ყოველი მათგანი მიძღვნილი უნდა იყოს ამ საქმისადმი.


ხუცესის მომზადების პროცესი არ არის ერთ-ერთი მომდევნო პუნქტი გასაკეთებელი საქმეების სიაში; გარკვეული თვალსაზრისით, ეს არის ჩვენი ამოცანის ცენტრალური ნაწილი. ჩვენი მიზანია სახარების დაცვა და ქადაგება არა მხოლოდ ჩვენს თაობაში, არამედ მომავალ თაობებშიც. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ახალგაზრდა მსახურები იმისათვის რომ მიიტანონ სახარება იქ, სადაც თავად ვერ წავალთ.


ბიბლიური მოდელი


როდესაც სახარება იერუსალიმს გასცდა, ცოდვილები ინანიებდნენ და ეკლესიები ფუძნდებოდა. უფალმა პავლეს და ბარნაბას მოუწოდა დაედგინათ „[უხუცესები] თითოეულ მათ ეკლესიაში“ (საქმეები 14:23). ღმერთმა მათ პასუხისმგებლობა დააკისრა. ეს პასუხისმგებლობა მოიცავდა იმ მორწმუნეების ანუ ხუცესების აღმოჩენას, მომზადებასა და დადგენას, რომლებიც ეკლესიებს წაუძღვებოდნენ და შეასრულებდნენ დიდ დავალებას.


მაგრამ ხუცესების მომზადება არ იყო მხოლოდ მოციქულების მოვალეობა. დაუფიქრდით იმ სიტყვებს, რომელი სიტყვებიც პავლემ უთხრა ტიმოთეს, „რაც მოისმინე ჩემგან მრავალ მოწმესთან ერთად, გადაეცი სარწმუნო ადამიანებს, რომელთაც სხვების სწავლების უნარი ექნებათ.“ (2 ტიმ. 2:2). ამის განუყოფელი ნაწილი იყო ის რომ ტიმოთე შეინახავდა სახარების „კეთილ საწინდარს“ (2 ტიმ. 1:14), როდესაც სხვა კაცებს მოამზადებდა, ისინი კი თავის მხრივ სხვებს ასწავლიდნენ.


პავლემ მსგავსი დავალება მისცა ტიტესაც: „იმისათვის დაგტოვე კრეტეში, რომ მოაწესრიგო, რაც დარჩა გასაკეთებელი და დააყენო ყველა ქალაქში ხუცესები, როგორც მე დაგავალე.“(ტიტე 1:5). პეტრე მოციქულის მოლოდინი იყო ის, რომ ახალგაზრდა კაცები თავმდაბლობით მოემზადებოდნენ გამოცდილი ხუცესების ხელმძღვანელობით და მსგავს სფეროში მსახურების შესაძლებლობას დაელოდებოდნენ (1 პეტრე 5:1–7).


წერილში ვერსად ნახავთ ხუცესების მოსამზადებელ სემინარიებს, არამედ ნახავთ, რომ ხუცესები ამზადებენ სხვა ხუცესებს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სემინარიებს თავისი დანიშნულება აქვთ ცხადია, მაგრამ ეკლესიას არ სჭირდება გარე რესურსების მოზიდვა სახარების მსახურების მოსამზადებლად. სემინარია ეკლესიისათვის ხუცესების მოსამზადებელი პროგრამის დამატება უნდა იყოს და არა მისი ჩანაცვლება.


პრაქტიკული წინადადებები


იმისთვის რომ იყოთ ხუცესი, რომელიც სხვა ხუცესებს ამზადებს, საჭიროა საფუძვლიანი წინამძღოლობა. ქვემოთ მოცემულია ხუთი ელემენტი, რომელი ელემენტებისგანაც შედგება სახუცესო მომზადებისა და ჩამოყალიბების მსახურება. ეს ჩამონათვალი შეიძლება შემაცბუნებელი მოგეჩვენოთ, მიუხედავად ამისა მოგიწოდებთ რაც შეიძლება მეტად შეუწყოთ ხელი ძმების განვითარებას შემდეგი მიმართულებებით:


1.  მხურვალედ შეევედრეთ ღმერთს


იესო თავის ეკლესიას უგზავნის ხუცესებს, როგორც საჩუქარს (ეფეს. 4:7–16; 1 კორ. 12). თუ უფალი არ მოგვცემს ლიდერებს და არ გაზრდის მათ, მთელი ჩვენი მომზადება ფუჭი იქნება (ფს. 127:1). ამიტომ„ევედრეთ სამკალის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.“ (მათე 9:38).  შეევედრეთ ღმერთს გამოგზავნოს ხუცესები რომლებშიც ინვესტიციას ჩავდებთ. ილოცეთ რომ მან აღადგინოს: 


1) ხუცესები, რომლებიც თქვენთან ერთად იმსახურებენ.

2) ხუცესები, რომლებსაც თქვენ მიავლენთ და 

3) ხუცესები, რომლებიც მომავალში შეგცვლიან თქვენ.



2.  მიზანმიმართულად აღჭურვეთ კაცები


მიუხედავად იმისა რომ ხუცესი უფლის საჩუქარია, ჩვენ გვწამს რომ საჭიროა ღმერთისაგან მოცემული ნიჭების გაღვივება და არა უგულებელყოფა (1 ტიმ. 4:14; 2 ტიმ. 1:6). ამიტომ შექმენით ისეთი გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება მომავალი ხუცესების მომზადება. მოახდინეთ მიზანმიმართული ინვესტირება თუნდაც ერთ ძმაში ან ძმების ჯგუფში.


ხუცესების მომზადების პროგრამის გაუმჯობესების პროცესში მუდმივად ვსვამთ კითხვას: მე რომ ვყოფილიყავი დამწყები ხუცესი, რის შესწავლას ვისურვებდი? რომელი მნიშვნელოვანი წიგნები უნდა წავიკითხო? რა უნარ-ჩვევების შესწავლაა საჭირო? რომელი თეოლოგიური შეხედულებების ჩამოყალიბებაა აუცილებელი? რა შესაძლებლობები შეიძლება იყოს ჩვენს წინ? როგორი უნდა იყოს უკუგება? მსგავსი კითხვები დაგეხმარებათ მიზანმიმართულად იმოქმედოთ დამწყები ხუცესების მომზადების საქმეში.


3.  გამოავლინეთ რწმენა გამჭვირვალედ/ცხადად


ყველაზე ფასეული გაკვეთილები, ჩემს მსახურებაში სხვა ხუცესების მსახურების დაკვირვების დროს მივიღე. ამიტომ წვრთნა მხოლოდ სწავლება კი არა, ათვისებაც არის. დამწყებმა ხუცესებმა ჩვენგან უნდა მოისმინონ სიტყვები:„იყავით ჩემი მომბაძველნი, როგორც მე – ქრისტესი“ (1 კორ. 11:1;1 კორ. 4:6, 10:33; ფილ. 3:17; 1 თეს. 1:6; 2 თეს. 3:9; ებრ. 6:12). ისინი წინა რიგში უნდა ისხდნენ იმისათვის, რომ „[ჩვენი] ცხოვრების აღსასრულის შემყურეებმა [მიბაძონ] ჩვენს რწმენას“ (ებრაელთა 13:7).


წვრთნის პროგრამაში მონაწილე ხუცესებს ყოველთვის ვეუბნები, - დამაკვირდით მე. დაე მიყურონ, როცა კარგად ვმსახურობ და  როცა ვიბრძვი. მიყურონ, როცა ვეწინააღმდეგები ცოდვას და როცა ვაღიარებ მას, როცა ჩემს ოჯახს ვემსახურები და მაშინაც, როცა ამას ვერ ვახერხებ. მე მათ ვეუბნები რომ არასრულყოფილი გადაშლილი წიგნი ვარ. ამ დაკვირვებისას ისინი დაინახავენ ჩემი ცხოვრებისა და მსახურების იმ მხარეებს, რომელთა მიბაძვის სურვილი გაუჩნდებათ და იმ მხარეებსაც - რომლებსაც თავიდან აიცილებენ.


4.  მიანიჭეთ უხვი შესაძლებლობები


რადგან მსახურება არ არის მხოლოდ თეორიული საქმე, მომზადების პროცესი მსახურების შესაძლებლობებსაც უნდა მოიცავდეს. გამოავლინეთ შემოქმედებითი მიდგომა და მოძებნეთ საშუალება იმისა, რომ დამწყებმა ხუცესებმა მიიღონ მსახურებაში მონაწილეობა. საშუალება მიეცით ილოცონ, იქადაგონ, ასწავლონ, დაიმოწაფონ, ურჩიონ, გაუძღვნენ შეხვედრებს, მოინახულონ ეკლესიის წევრები, ჩაატარონ დაკრძალვის მსახურება და ა.შ. შეეწინააღმდეგეთ ცდუნებას და არ იფიქროთ რომ მსახურების შესაძლებლობები მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. გახსოვდეთ რომ ეს იესოს სამეფოა და რომ მას სიამოვნებს, როდესაც ვწვრთნით და ვზრდით მწყემსებს რომლებიც მის სამწყსოზე ზრუნავენ.


5.  გულწრფელად შეამოწმეთ მათი საქმე


ხუცესების მოსამზადებელი პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი არის რეგულარული, გულწრფელი, კონსტრუქციული უკუგება. როდესაც ძმები მსახურობენ ისე რომ არ იღებენ წრფელ გამხნევებასა და წრფელ კრიტიკას, მათ არ ეცოდინებათ რა სფეროში ესაჭიროებათ ზრდა. ერთად შეისწავლეთ 1 ტიმოთე 3:1–7, გაამხნევეთ ისინი ღმერთის მადლის გამოვლენისათვის და ამავდროულად მიუთითეთ იმ სფეროებზე რომლებშიც ესაჭიროებათ ზრდა. მიეცით მათ ქადაგების შესაძლებლობა და შემდეგ გაუზიარეთ თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით, რაც კარგად შეასრულეს და რისი გაუმჯობესება შეუძლიათ. შეაქეთ მათი ძლიერი მხარე და დაეხმარეთ დაინახონ რა საკითხებში სჭირდებათ სხვების დახმარება.


ზოგჯერ ეს გულისხმობს იმის თქმას, რომ ისინი ჯერ არ არიან მზად იყვნენ ხუცესები. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული საუბარია, რომელიც შეიძლება გქონდეთ. მაგრამ თუ ძმა არ არის მოწოდებული ან არ არის მზად, თქვენ სამსახურს გაუწევთ მათაც, მათ ოჯახებსაც და ეკლესიებსაც იტყვით რა ამ სიმართლეს. მსგავსი საუბრის დროს უნდა იყოთ შემწყნარე და არ უნდა დაივიწყოთ, რომ საბოლოოდ იოანე მარკოზი სასარგებლო აღმოჩნდა მსახურებაში (2 ტიმ. 4:11; საქმ. 15:36–41).


უსაზღვროდ მადლიერი ვარ იმ ხუცესებისა, რომლებმაც იზრუნეს ჩემზე და დრო დაუთმეს ჩემი ნიჭების განვითარებას —ასევე ნაკლოვანებებზეც მიმითითეს. მათ რომ ჩემთვის დრო არ დაეთმოთ და წერილი და მისი გამოყენება არ ესწავლებინათ, ვიცი რომ ვერ შევძლებდი იმ ადამიანების დახმარებას რომლებიც დღეს ჩემ გარშემო იმყოფებიან. ძმებო, იმედი მაქვს რომ, როდესაც ამას წაიკითხავთ, სიმძიმე არ დაგაწვებათ გულზე. ღმერთმა ამ მსახურებაში მოგვიწოდა და მე ვლოცულობ რომ „[გავძლიერდეთ] მადლით, რომელიც ქრისტე იესოშია.“ (2 ტიმ. 2:1).


მას სიამოვნებს მადლის მონიჭება, ამიტომაც ვართ იმედით სავსე!


ეს სტატია თარგმნილია ინგლისურ სტატიიდან „ხუცესო, მოამზადე მომავალი ხუცესები“ და გამოყენებულია 9Marks Ministries-ის ნებართვით.